Главная » 2015 » ოქტომბერი » 14 » თბილისის უბნების სახელწოდებების ისტორია
22:55
თბილისის უბნების სახელწოდებების ისტორია

ცხოვრებაში ერთხელ მაინც, ყველა ჩვენთაგანს გვიფიქრია თბილისის უბნების ძველ სახელწოდებებზე, თუ რის მიხედვით ან ვინ შეურჩია ისინი ამა თუ იმ უბანს. Populars.ge სწორედ თბილისის უბნების ისტორიის გარკვევას შეეცადა. როგორც აღმოჩნდა, არსებობს ადგილები, რომლის სახელწოდებასთან დაკავშირებითაც, ცნობები საერთოდ აღარაა შემორჩენილი. ასეთია, მაგალითად, ლილო, კუკია, ფონიჭალა, ჩუღურეთი, სოლოლაკი და საბურთალო. 

  ამ ჩამონათვალს ეკუთვნის, ვარკეთილიც. ქართული ენციკლოპედიის ირაკლი აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქციის თანამშრომლის, ეთერ ლოლუას თქმით, გადმოცემის მიხედვით, მას ვერე კეთილი ერქვა. უფრო კონკრეტული მონაცემები და ოფიციალური წყაროები ვარკეთილის სახელწოდებასთან დაკავშირებით არ არსებობს, ყოველ შემთხვევაში ამ დრომდე არ აღმოჩენილა.

Populars.ge-მ ქართული ენციკლოპედიის რედაქციის დახმარებით გაარკვია, რომ სიტყვა ორთაჭალა ორი სიტყვის ნაერთია: ორთა თურქული სიტყვაა და შუას ნიშნავს, შესაბამისად ეს სიტყვა ითარგმნება, როგორც შუაჭალა. თავის დროზე ორთაჭალა კუნძულს ერქვა, რომელსაც ორად განტოტებული მტკვარი წარმოქმნიდა. ის მარჯვენა ნაპირს ხის საცალფეხო ხიდით უკავშირდებოდა. უფრო მოგვიანებით, ორთაჭალა მტკვრის მარჯვენა მხარეს მიმდებარე ტერიტორიას ეწოდა. მე-19-ე საუკუნეში ორთაჭალა განთქმული იყო ბაღებით და თბილისელების საყვარელ დასასვენებელსა და გასართობ ადგილს წარმოადგენდა.

რაც შეეხება თემქას, მას ეს ამავე ტერიტორიაზე არსებული თბილისის ელმავალსაშენებელი ქარხნის მშენებლობის აღსანიშნავად დაერქვა. 

სანზონას კი ეს სახელი, იგივე სანიტარული ზონა, განსაკუთრებული მიკროკლიმატის გამო შეერქვა. აქ უწინ ხეხილის ბაღები ყოფილა გაშენებული.

საინტერესო ისტორია აქვს ისნის დაარსებასაც. მე-9-ე საუკუნეში ამ ადგილას არაბებმა ციხესიმაგრე “ისანჰისარი” ააგეს. სწორედ ციხესიმაგრიდან გამომდინარე ამ ტერიტორიას ისანი დაერქვა. მე-12-ე, მე-13-ე საუკუნეში ისანში სამეფო სასახლე იდგა. მე-13-ე საუკუნეში ღვთისმშობლის სახელზე მეტეხის ეკლესია ააგეს, ამის გამო გვიანდელი შუასაუკუნეებიდან ისნის უბანი “ისნის ციხისა” და მეტეხის სახელით იხსენიებოდა, ხოლო “ისნის ველმა” ავლაბრის სახელი დაიმკვიდრა.

ღრმაღელეს ადგილზე თავის დროზე მშრალი ხევი ყოფილა, რომელიც დიდი წვიმების დროს ღელედ იქცეოდა. სწორედ ამის, ჩახრამული რელიეფის გამო მას ღრმაღელე დაერქვა. 

  იმედია, ავჭალაში მცხოვრებლებს ეს ინფორმაცია არ შეაშინებთ, მაგრამ აქ საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქის პირა სოფელი ყოფილა, ხოლო მისი მკვიდრები კი დარწმუნებულები ყოფილან, რომ ავჭალის დაჭაობებულ და გაუვალ ადგილებში ავი სულები ბინადრობდნენ. როგორც ხალხშია გავრცელებული,ამ ცრუ რწმენიდან, “ავი ჭალიდან” გამომდინარე თბილისის ჩრდილოეთ ნაწილში, მტკვრის მარცხენა მხარეს მდებარე ტერიტორიას სახელი ავჭალა დარქმევია.  

სახელწოდება ვაკე მე-19-ე საუკუნეში გაჩნდა, ის დაცემულ ადგილს ნიშნავს. ვაკე ძველი ვერის (საგაბაშვილოს) ტერიტორიაზე წარმოშობილი დასახლებული პუნქტია. ის თბილისს 1907 წელს შეუერთდა. 
ვერა, იგივე ვერე, ამ ტერიტორიაზე მდებარე სოფელ ვერიდან წარმოიშვა. ის გაბაშვილების მამული იყო. ამის გამო მას საგაბაშვილოსაც უწოდებდნენ ხოლმე.

თბილსის ერთ-ერთ ძველ უბანს, დიდუბეს, ეს სახელი დაცემული ადგილმდებარეობის გამო დარქმევია. მას თავის დროზე “დიდ დუბეს” უწოდებდნენ. სულხან-საბა-ორბელიანის ლექსიკონის მიხედვით დუბე დაბალ ადგილს ნიშნავს.
 
გმირთა მოედანი საბჭოთა კავშირის დროს დაარსდა. ეს სახელწოდება მას გემ “ჩელიუსკინის” ეკიპაჟის გადამრჩენი მფრინავების პატივსაცემად დარქმევია. აქ ადრე ცნობილი ვერის ბაღები იყო. მე-19-ე საუკუნის ბოლოს ამ ადგილით ქალაქი მთავრდებოდა და საქართველოს სამხედრო გზა იწყებოდა. 

ვარკეთილის ზემო პლატოსა და ორხევის დასახლებას შორის პირუტყვის სასაკლაოები ყოფილა. აქ არსებული ანტისანიტარიისა და სუნის გამო მას დამპალოს დასახლება ეწოდა. 

მტკვრის მარჯვენა მხარეს, თბილისის დასავლეთ ნაწილში მდებარე უბნის, ვეძისის სახელი ძველი ქართული სიტყვიდან “ვეძიდან” მომდინარეობს. “ვეძა” სულხან-საბა-ორბელიანის მიხედვით, “მომჟაო წყაროს” ნიშნავს. მე-20-ე საუკუნის 30-იან წლებში ორი სოფელი, ქვემო და ზემო ვეძისი არსებობდა. ეს ტერიტორია თბილისს ამავე საუკუნის 40-50-იან წლებში შემოუერთდა. 

ნავთლუღი თურქული სიტყვაა და ნავთიან ადგილს ნიშნავს. “მუნ დის ნავთი”, _ ასე დაახასიათა ნავთლუღი მე-18-ე საუკუნეში თავის ნაშრომში “აღწერა სამეფოსა საქართველოსა” ვახუშტი ბატონიშვილმა. ის 17-18 საუკუნეში ქალაქისპირა სოფელი იყო და თავად სუმბათაშვილებს ეკუთვნოდათ. 

სახელი რიყე გვიანდელ შუასაუკუნეებში “ავლაბრის ჭალას” მტკვართან სიახლოვის გამო ეწოდა. ბანოვის მიერ შედგენილ 1809 წლის გეგმაზე ამ ადგილას დატანილია კუნძული, რომელიც მტკვრისგან მარცხენა ტოტით იყო გამოყოფილი. დროთა განმავლობაში ტოტში წყალმა იკლო, რამაც 20-30-იან წლებში აქ დასახლებულ გერმანელ მოახალშენეებსა და მოლოკნებს საშუალება მისცა ნაპირები სახელდახელოდ გაემაგრებინათ. მათ დიდი შრომით მოახერხეს მტკვრისთვის მიწის ნაკვეთის წართმევა, რითიც რიყის ტერიტორია გაიზარდა. მე-19-ე საუკუნის 30-იან წლებში აქ “ზალცმანის სასტუმრო” იდგა, რომელიც ფრიდრიხ ზალცმანს, თბილისელი არქიტექტორის, ალბერტ ზალცმანის მამას ეკუთვნოდა. აქვე იყო ზუბალაშვილების, მელიქიშვილების, ხოსროევისა და მირზოევის ქარვასლები. რიყეზე საკვირაო ბაზრობები ეწყობოდა. რიყე ქალაქის ყველაზე დაბალ ნაწილში, უშუალოდ მტკვრის ნაპირზე მდებარეობს, ამიტომაც წყალდიდობების დროს ხშირად ზარალდებოდა. 

ფიქრია ჭალიძე

Поделиться в Facebook

Категория: სხვადასხვა | Просмотров: 2583 | Добавил: popularsge | Теги: თბილისის უბნების სახელწოდებების ისტ | Рейтинг: 0.0/0
Всего комментариев: 0
avatar