Главная » 2026 » მარტი » 6 » როგორ გავხდეთ თავდაჯერებული 30 დღეში _ 11 გადამოწმებული მეთოდი
11:19
როგორ გავხდეთ თავდაჯერებული 30 დღეში _ 11 გადამოწმებული მეთოდი

ძალიან დიდი „დაცემის“ შემდეგ, ბევრი „ყოჩაღი“ ადამიანის დახმარებით, აღმოვაჩინე, რომ   საკუთარი თავი დავკარგე. „ქარიშხლების“ გადალახვაში ჩემი თავდაჯერება სადღაც დამრჩა. სრულიად „დამსხვრეული“ და განადგურებული ვიდექი სარკის წინ, ვუყურებდი ჩემს თავს და ვეძებდი ჩემს ძველ ვერსიას, რომელიც უმოწყალოდ დამემალა. სწორედ მაშინ გადავწყვიტე, რომ შემესწავლა შეძლებისდაგვარად ყველა მეთოდი თუ მიდგომა და მეცადა, რომელიც თავდაჯერებაში დამეხმარებოდა. და აი, ახლა მინდა, რომ ეს გამოცდილი მეთოდები თქვენც გაგიზიაროთ.

ნაბიჯი პირველი _ გაათვითცნობიერეთ, რომ თავდაჯერება ყალიბდება ჩვენი ფიქრებისა და ქმედებების წყალობით. ხშირად ჩვენ თვითონ  ვკეტავთ საკუთარ თავს ჩარჩოებში (ხან შესაძლოა სხვა „კეთილი“ ადამიანების შეფასებების დახმარებით, მაგრამ მაინც ჩვენი გადაწყვეტილებით, რომ მათ სიტყვებს ვენდეთ) და აღარ გვჯერა საკუთარი თავის. კარგი ამბავი მაქვს, ეს გამოსწორებადია.

ნაბიჯი ორი _ თავდაჯერების გამყარება დაიწყეთ თუნდაც ყველაზე მცირედით. მაგალითად, სცადეთ და მიესალმეთ უცხო ადამიანს მაღაზიაში ან დააკომენტარეთ რაღაც ფეისბუქის ჯგუფში. ჩაებით სხვადასხვა საკითხის განხილვაში, გამოთქვით თქვენი მოსაზრება. ეს წვრილმანები თანდათანობით დაგიგროვდებათ, როგორც თოვლის გუნდა და ჯამში თავდაჯერებას მოიპოვებთ. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია გაათვითცნობიეროთ, რომ თავდაჯერება _ ეს მხოლოდ ჩვენი გარეგნობა არაა, არამედ ის ხშირად ჩვენს თვითშეგრძნებას უკავშირდება.



ნაბიჯი სამი _ ხანდახან მარტივი მიდგომები ყველაზე უკეთ მუშაობენ. მაგალითად, ჩაეხუტეთ თქვენს მეგობარს, უთხარით მას, როგორი მნიშვნელოვანია ის თქვენთვის და პასუხად მიიღებთ ისეთ პოზიტიურ ტალღას, რომ ვერც კი შეამჩნევთ თავდაჯერება, როგორ დაიწყებს თქვენს შევსებას. ასევე ირგვლივ შემოიკარით ხალხი, რომლებიც მხარს გიჭერენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

ნაბიჯი ოთხი_ რაც შეეხება ნეგატიურ ფიქრებს, ისინი დაუპატიჟებელი სტუმრებივით მოდიან. უბრალოდ, უნდა ისწავლოთ მათი დაიგნორირება. მაგალითად, როცა გაიფიქრებთ _ „მე ამას ვერ შევძლებ“, მაშინვე ეცადეთ გადაერთოთ პოზიტივზე და ისევ გაიფიქრეთ: _ „და იქნებ, შევძლო კიდეც!“ და ეს აუცილებლად იმუშავებს!

ნაბიჯი ხუთი _ აღმოვაჩინე, რომ თუნდაც პატარა წარმატებებიც კი მიმატებდა თავდაჯერებას. ამიტომ, აიღეთ და გააკეთეთ წარმატების დღიური. მახსოვს, ინტუიციურად როგორ ავიღე რვეული და დავიწყე ჩამოწერა, რა გამიკეთებია ცხოვრებაში. ჩამოწერეთ ყველაფერი, რაც კი გაგახსენდებათ, დიდი თუ პატარა და იცით რა, დარწმუნებული ვარ ჩემსავით სასიამოვნოდ გაკვირვებულები დარჩებით. ყოველთვის შეიტანეთ ყველა, პატარა თუ დიდი წარმატება ამ დღიურში. მისი კითხვა განსაკუთრებით მაშინ დაგეხმარებათ, როცა ნეგატიური ფიქრები მოგაწვებათ, რომ ცხოვრებაში ვერაფერი შეძელით ან დიდი ვერაფერი ხეირიანი გამოდექით. დღიური შეგახსენებთ და დაგანახებთ, რომ ძალიანაც ცდებით. რადგან როდესაც ცუდად ვართ და იმედაცრუებულები ვართ, ამ დროს, როგორც წესი, ჩვენი ცხოვრებიდან მხოლოდ წარუმატებლობები გვახსენდება. აი, დღიური კი თქვენს გამარჯვებებსაც გაგახსენებთ, შესაბამისად კი განწყობაც და თავდაჯერებაც სამართლიანად გაგიუმჯობესდებათ.



ნაბიჯი ექვსი _ გამოუყავით ყოველ დღე დრო ერთ რომელიმე ქმედებაზე მუშაობას, რაც გაწუხებთ თქვენს თავში. მაგალითად, ვერ იწევთ ხელს გაკვეთილზე. გახსოვდეთ, რომ ყველა პატარა ნაბიჯით საბოლოო ჯამში მიხვალთ თქვენი პიროვნების იმ ვერსიასთან, რომელიც ასე გულით გსურთ.

ნაბიჯი შვიდი _ კარგი იქნება, თუ მიმართავთ მედიტაციას, სუნთქვით ვარჯიშებს ან თუნდაც იცეკვებთ ხოლმე საყვარელ მუსიკაზე.

ნაბიჯი რვა _ ეს ძალიან სახალისოა, ვფიქრობ, კარგად გაერთობით და თან ნახავთ, რომ კარგადაც მუშაობს. რაიმე მნიშვნელოვანი მოვლენის წინ ისუნთქეთ ისე, თითქოს თქვენი ოცნების ადგილას ისვენებთ _  მაგალითად იტალიაში. ასეთი მარტივი მიდგომები დამშვიდებაში და კარგი განწყობის შექმნაში დაგეხმარებათ.



ნაბიჯი ცხრა _ ასევე არ გამოტოვოთ ვიზუალიზაციაც. სხვათაშორის კვლევებით დადგენილია, რომ როდესაც რამეს წარმოვიდგენთ ან რეალურად ვაკეთებთ, ჩვენი ტვინი ამ ორ პროცესს ხშირად ვერ არჩევს. ამიტომ ესეც თქვენს სასარგებლოდ გამოიყენეთ. დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ, როგორ აკეთებთ იმას, რაც თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია _ მაგალითად სიტყვით გამოდიხართ კონფერენციაზე. წარმოიდგინეთ, რას ამბობთ, როგორ მოძრაობთ, რას გრძნობთ, როგორ ვითარდება შეხვედრა. მაქსიმალურად დეტალურად გაიარეთ ეს სცენარი გონებაში. რაღა თქმა უნდა, უნდა წარმოიდგინოთ, რომ ეს თქვენი ერთ–ერთი საუკეთესო გამოსვლაა. შედეგიც არ დააყოვნებს.

ნაბიჯი ათი _ ხშირად ძალიან კარგ შედეგებს იძლევა აფირმაციებიც. დაწერეთ ფურცელზე ის თვისებები, რომლებშიც განსაკუთრებით გაკლიათ თავდაჯერება. მაგალითად, თუ საკუთარი გარეგნობა გაწუხებთ, მაშინ დაწერეთ ფურცელზე: „მე ძალიან ლამაზი ვარ“, „მე მომხივბვლელი ვარ“, „მე თავდაჯერებული ადამიანი ვარ“ და ა.შ. და ეს ფურცელი ისეთ ადგილას დადეთ,სადაც დღის განმავლობაში ხშირად მოგხვდებათ თვალში და წაიკითხავთ. ასევე ჩვევად გაიხადეთ, რომ დღე ამ აფირმაციების წაკითხვით დაიწყოთ.

ამასთან დაკავშირებით ერთი საინტერესო ტექნიკაც მინდა გაგიზიაროთ. როდესაც სტუდენტი ვიყავი, ლექტორმა, ქალბატონმა მარინამ მოგვიყვა, რომ ჰყავდა მხატვარი მეგობარი, რომელიც ყოველთვის ლამაზი იყო და შიგნიდან სინათლეს ასხივებდა. ერთხელაც ვერ მოითმინა და ჰკითხა, თუ როგორ ახერხებდა ამას. მხატვარმა კი უპასუხა: „ყოველ დილით და საღამოს სარკეში ჩახედვისას საკუთარ თავს ვეუბნები იმ სიტყვებს, რაც მინდა, რომ ხალხმა მითხრას, მაგალითად, „შენ ძალიან ლამაზი ხარ“ და ა.შ. დილით კი როცა სახლიდან გავდივარ, შეხვედირსას ხალხი მართლაც იმ ფრაზებს მეუბნებაო“. იცით რა, მეც ვცადე და ეს მართლაც ასეა. სცადეთ თქვენც. მთავარი ამ ტექნიკაში ის იყო, რომ ასე 30 დღის განმავლობაში უნდა მოიქცეთ, არც ერთი დღე არ ჩააგდოთ. თუ მაინც ჩაგივარდათ, მაშინ ათვლა თავიდან იწყება.

ნაბიჯი თერთმეტი _ მიიღეთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხართ და გახსოვდეთ, რომ თითოეული ჩვენგანი უნიკალურია. მეორე თქვენნაირი აღარ არსებობს. დაისახეთ კონკრეტული მიზნები. ჩემი რჩევა იქნება საწყის ეტაპზე მაინც პატარ–პატარა მიზნებით დაიწყოთ, რათა ნამდვილად მიაღწიოთ მათ და ასე ნაბიჯ–ნაბიჯ, მაგრამ რეალურად მიხვიდეთ თქვენი თავის საუკეთესო ვერსიამდე. რაც უფრო მეტ დასახულ მიზანს მიაღწევთ (თუნდაც პატარა მიზნებს), მით უფრო მოიმატებს თქვენი თავდაჯერება. და არ დაგავიწყდეთ თქვენი თუნდაც პატარა წარმატების აღნიშვნა და წარმატების დღიურში შეტანა.

                                                 ფიქრია ჭალიძე


ცხოვრების 10 წესი

 

 

 როგორ ამოვიცნოთ „ჩვენი“ ადამიანი?

 

 

  როგორ უნდა გაიგო, რაში გაქვს წარმატების ყველაზე მეტი შანსი?

 

 

 როგორ ვისწავლოთ ადვილად: ფსიქოლოგიური მეთოდები და პრაქტიკული რჩევები   

 

 

 მხოლოდ სიყვარული არასოდესაა საკმარისი 

Категория: ფსიქოლოგია | Просмотров: 41 | Добавил: popularsge | Рейтинг: 0.0/0
Всего комментариев: 0
avatar